„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1. საავარიო შუქური სიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 52-ე პუნქტის თანახმად, „ნებადართული მაქსიმალური მასა“ (დასაშვები წონა) - დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. ამავე კანონის პირველი დანართის 5.15.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმე¬დება, რომელიც გზაჯვარედინის წინ დადგმული ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა” - აღნიშნავს გზას ან სავალ ნაწილს, რომელ¬ზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.