Скачать билеты

რომი ქალაქი და სპეციალური კომუნა იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი. ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.

რომის ისტორია ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში. ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი) და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.