სიახლეები

ადგილი თბილისში, სადაც იშვიათი ავტომობილების დათვალიერება შეგიძლიათ

გამოქვეყნების თარიღი:18/05/2021

დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეა. იცოდით, რომ თბილისში არის ავტომუზეუმი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძალიან იშვიათი ავტომობილების კოლექცია? თბილისის ავტომუზეუმში ათეულობით რარიტეტული მანქანა დგას, რომელიც კერძო კოლექციონერმა გია მამულაშვილმა წლების განმავლობაში შეაგროვა და შემდეგ ერთ სივრცეში განათავსა. მუზეუმის კარი დამთვალიერებლებისათვის 2016 წელს გაიღო.

ყველაფერი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ბატონი გიორგი ავტომობილების ბაზრობაზე შემთხვევით მწვანე მოსკვიჩს გადაეყარა. კოლექციონერმა ძველ ავტომობილს რესტავრაცია ჩაუტარა და ფაქტობრივად ნულიდან აღადგინა. დროთა განმავლობაში მის მიერ რესტავრირებული ძველი საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა რამდენიმე ათეულს მიუახლოვდა.

 

 

გთავაზობთ რამდენიმე იშვიათ ავტომობილს თბილისის ავტომუზეუმიდან:


1965 წელს გამოშვებული მწვანე მოსკვიჩ-403, რომლის ფლობამაც კერძო კოლექციონერს ძველი ავტომობილების შეგროვებისა და რესტავრაციის იდეა გაუჩინა.

 

მუზეუმში ბევრ სხვა საინტერესო მოდელს იხილავთ, მათ შორის “პობედის” კაბრიოვერსიას.

 

ЗИЛ-115 – მოსკოველი პარტელიტის ბრონირებული ავტომობილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში.

 

საბჭოთა ავტოინდუსტრიის მაღალი კლასის ავტომობილები - ЗИМ (ГАЗ-12), ГАЗ-13 “Чайка” და ГАЗ-14 “Чайка”.

 

მილიციის ავტომობილი, 1960-1970-იან წლებში გამოშვებული მოსკვიჩ-412.

 

ავტომუზეუმში ფართოდ არის წარმოდგენილი ზაპოროჟეცის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ერთ-ერთია Заз-965 რომლის დიზაინიც ძალიან წააგავს ფიატს და ფოლცვაგენის ხოჭოს.

 

მუზეუმში, ასევე, იხილავთ Луаз-969, რომელიც მაღალი გამავლობის, ე.წ. ჯიპის კატეგორიას განეკუთვნება.

 

კოლექციის დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-18:00 საათებში. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ბილეთი უფასოა, 7-დან 17 წლამდე მოზარდებისათვის 3 ლარი, ხოლო უფროსებისათვის - 5 ლარი. მუზეუმის მისამართია ავტომუზეუმის ქუჩა 7. ისანი-სამგორის რაიონი, შესახვევი #79ა გრ. ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩიდან.

 

წყარო: www.memogzauri.com; www.radiotavisupleba.ge