რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ავტოცისტერნით თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ შეუვსებელ ცისტერნაში სითხეს აქვს გადაადგილების საშუალება, რაც დამატებით მომქმედ ინერციულ ძალას წარმოშობს და ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას გადაყირავების წინააღმდეგ.
მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ავტომატარებლის მოცურების, დაკეცვის და გადაყირავების საშიშროება. მოსახვევები უნდა გავიაროთ მდორედ, არ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი დამუხრუჭება, ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით. საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება, მკვეთრი დამუხრუჭება ან გადამეტებული სიჩქარე მისაბმელის დიდი ინერციის გავლენით მოსალოდნელია გახდეს ავტომატარებლის მოცურების, გადაყირავების და დაკეცვის მიზეზი.
ზამთრის პირობებში აღმართზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა ჩართოს დაბალი გადაცემა ან ჩართოს სარიგებელი კოლოფი, რათა გამორიცხოს აღმართზე სიჩქარის გადართვის აუცილებლობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი თვლების მოცურება. აღმართზე ყინულით დაფარული გზის პირობებში ავტომობილი ვერ შეძლებს მოძრაობის განახლებას და მისაბმელი თვითნებურად დაიწყებს მოცურებს უკან. მოლიპულ გზაზე საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება ან დამუხრუჭება ასევე შეიძლება გახდეს ავტომობილის და მისაბმელის მოცურების, დაკეცვის ან გადაყირავების მიზეზი.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით. რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.
საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგებაა, როდესაც ავარიული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია სწრაფად და მოხერხებულად მოაბრუნოს საჭე ყველა მიმართულებით და დააბრუნოს იგი საწყის მდგომარეობაში. გარდა ამისა სწორი განლაგება უზღუნველყოფს ხელებზე მინიმალურ დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას. მძღოლი ყოველთვის მზადაა რეაგირება მოახდინოს საგზაო სიტუაციის ცვლილებაზე. საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.