მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით. რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.
საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგებაა, როდესაც ავარიული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია სწრაფად და მოხერხებულად მოაბრუნოს საჭე ყველა მიმართულებით და დააბრუნოს იგი საწყის მდგომარეობაში. გარდა ამისა სწორი განლაგება უზღუნველყოფს ხელებზე მინიმალურ დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას. მძღოლი ყოველთვის მზადაა რეაგირება მოახდინოს საგზაო სიტუაციის ცვლილებაზე. საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.