საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.