„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.